// მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძედავიბადე მხატვრების ოჯახში. სახლი სადაც მე გავიზარდე, ჩემი მშობლების მიერაა აგებული. მამაჩემი, ცნობილი მონუმენტური ტილოების ავტორი კოკი მახარაძე გახლდათ, დედა, ფერიდე მანაგაძე ფერმწერი-გრაფიკოსი. მათი დიდი მონდომებისა და გარჯის წყალობით ჩვენი სახლი მუდამ რაფინირებული სილამაზით იქცევდა ყურადღებას. მამის გატაცება იყო ბუხრები, რომელთაც ყოველთვის საკუთარი ხელით აშენებდა.

როგორც მე მახსოვს ხატვა სამი წლიდან დავიწყე. არ არის გასაკვირი, რომ მშობლების მოღვაწეობამ დამძლია და მეც მათ კვალს გავყევი. ნაბიჯ-ნაბიჯ შევიმუშავე ჩემთვის მისაღები ესტეთიური მრწამსი.  მისი გამორჩეული ხასიათი შესამჩნევი გახდა ჩვენს ქვეყანაში სცენოგრაფიასა და ტანსაცმლის დიზაინში. იმ მრავალრიცხოვან საბალეტო დადგმებში, რომლებიც განვახორციელე ნინო ანანიაშვილთან თანამშრომლობისას.

ფერწერის ანა-ბანა ადრეული ასაკიდან ჩემი მშობლების სახელოსნოში ავითვისე. შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე, ორი წელი დავყავი კინოს ფაკულტეტზე,პარალელურად ვაგრძელებდი ექსპერიმენტულ ფერწერას და ხატვას, როდესაც პირველად შევეჩეხე სასწავლებელში გამჯდარ საბჭოთა პროპაგანდისტულ აზროვნებას. აქ დაიწყო ჩემი პირველი უთანხმოება უხეშ, მოუქნელ ოფიციოზთან, რომელიც არ უშვებდა განსხვავებული აზროვნების დამკვიდრებას საქართველოში. ამ დროს თბილისსში უკვე იწყებდა აზვირთებას ეროვნულ- განმათავისფულებელი მოძრაობა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ ეს დისიდენტური სული, ბობოქარი ენერგია, დაუმორჩილებელი ძალა მექცია ჩემი მხატვრობის ნიშანსვეტად.

ჩემი გადაწყვეტილება ნაწილობრივ წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში დიპლომი არ დამაცვევინეს, ცნობილმა გალერისტმა და მეცენატმა მიმიწვია გამოფენის მოსაწყობად ნიუ-ორკში.

ამ წლების ჩემი ნახატები მრავალი სიმბოლოებით დატვირთული, სპარსული  ხალიჩების გავლენას განიცდის რომლებიც ასე უხვად მოეპოვება ჩვენს ისტორიულ ქალაქს.

ვერც ერთმა ხელოვანმა გვერდი ვერ აუარა თბილისის ამ ხიბლს. ეს ქალაქი ხომ უძველეს აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. როგორც დიდმა კონსტანტინემ ბრძანა „იგი ერთი ძუძუთი აღმოსავლეთიდან იკვებება, ხოლო მეორეთი დასავლეთიდან“. მხოლოდ აქ, ასე შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს აღმოსავლური და დასავლური აზროვნება, რომელიც განსაცვიფრებელ ტონალობას იძლევა არქიტექტურაში, მუსიკასა და მხატვრობაში.

მსგავსი გრძნობა წლების შემდეგ განვიცადე ესპანეთში. მოგვიანებით ამ ქვეყანაში სამჯერ ვიმოგზაურე. იქაური მეგობრების წყალობით ჩემი გამოფენა შედგა სამხრეთის უმშვენიერეს ქალაქ სევილიაში. სწორედ იმ საგრდემლოს მახლობლად, სადაც ველასკესმა შექმნა თავისი შედევრი.

დღემდე ამ თემას ეხმიანება ჩემი ნამუშევრების ძირითადი არსი: აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთ-კონტრასტი და დაპირისპირებაში ექვილიბრიუმის, ერთგვარი წონასწორობის ძიება.

აღმოსავლური ფილოსოფიით და ხელოვნებით უფრო სიღრმისეულად დავინტერესდი, როდესაც შემომთავაზეს სპექტაკლი „სიზმრები იაპონიაზე“ გამეფორმებინა დიდი თეატრის სცენაზე,  ქ. მოსკოვში. იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთის მდიდარი სულიერი საგანძური მოექცა ჩემი ინტერესების არეალში.

პარალელურად კონტრმიმართულებით მძალავდა ჩემი შინაგანი, ბუნებრივი ორიენტაცია დასავლეთისაკენ. სწორედ ამ დროს იქმნება მრავალრიცხოვანი ფერწერული ოპუსები, როდესაც სისადავეს ფონად უხეში ექსპრესიული პასაჟები ეფინება.

მოგვიანებით შეუთავსებელის ურთიერთშერწყმა, ფორმიდან ანტიფორმისკენ ლტოლვა უცნაური დისბალანსით გამოხატული ჩემს მიერ შექმნილ სამ ნამუშევარში, სანქტ პეტერბურგის მარიას თეატრში უფრო თვალნათლივ აისახა. რა თქმა უნდა მას სტრავინსკის, სკრიაბინის და ხანინის გენიალურმა მუსიკამაც შეუწყო ხელი.

ზოგიერთ ჩემს ნამუშევარზე შეიმჩნევა ნაკაწრი, გახაზული „ჭრილობები“ . ეს ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიული და თანამედროვე ბედ-იღბალის მწუხარე ამოძახილია.

„აუთენთობის“  დაკარგვის შიშით გამოწვეული, რასაც ხშირად ეწირებოდნენ პატარა ერები დიდი ქვეყნებიდან მონაბერ პოლიტიკურ ქარბორბალას.

კიდევ ერთი „ჯანყი“ რომელიც ჩემს სულიერებაში მიმდინარეობს, ეს არის ბრძოლა ფიგურალურისა აბსტრაქციასთან. დაწყებული 90-იან წლების  „შავ-თეთრი აბსტრაქციებიდან“ თანამედროვე ეროტიული პლასტიკის ჩათვლით საერთო ფერადოვან ლანდშაფტშია ჩაწნილი.

მათი ერთობლიობა მთლიანი სისტემის ჩამოქნის საშუალებას გვაძლევს, რომელიც ჩემთვის ერთ საერთო წრიულ სპექტრში მოიაზრება.

ეს არის ერთგვარი „მანდალა“ , რომელიც მნახველს გაფანტული განცდების თავმოყრაში ეხმარება და სამყაროს სიღრმისეულ ჭვრეტაში უწყობს ხელს.

ვფიქრობ ჩემი შემოქმედების ეს მწირი ანალიზი სწორ გზაზე დააყენებს ჭეშმარიტი ხელოვნების გულშემატკივარს და ამ ნამუშევრების საფუძვლიან აღქმაშიც ხელს შეუწყობს.

 

 

გამოფენები

 

1990. ე. ნახამკინის ნატიფი ხელოვნების გალერეა, ნიუ ორკი

1991. ჰაფსტრას უნივერსიტეტი, ნიუ იორკი

1992. “არიელ გალერეა, ნიუ იორკი

1995. „ევრო გალერეა“ მოსკოვი

1999TMS” გალერეა, თბილისი

2002.  „კასა დე ლა მონედა“, სევილია

2002. „TMS  გალერეა, თბილისი 

2006. „საქართველოს საელჩო“ ლონდონი

2007. ალა ბულიანსკაიას გალერეა, ლონდონი 

2010. პიერ კარდენის ცენტრი, პარიზი